სახალხო დამცველის შეფასებით, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა როგორც საკვების მიწოდების სერვისის, ასევე, სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით პასუხობს მინიმალურ მოთხოვნებს, თუმცა, ერთიანი სურათი არადამაკმაყოფილებელია. კერძოდ, მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ:
- ქვეყანაში არ არსებობს უფასო სასადილოს სერვისის მართვის და მიწოდების ერთიანი სტანდარტი, შესაბამისად მთელი ქვეყნის მასშტაბით სტანდარტულად არ არის დადგენილი გასაცემი საკვების ოდენობა და კალორაჟი, ფიზიკური გარემოს მოწყობის, უსაფრთხოების დაცვისა და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის კუთხით სავალდებულო მოთხოვნები.
- სერვისის განხორციელებისას გათვალისწინებული არ არის ბენეფიციართა კვებითი საჭიროებები და რაციონი, ძირითადად, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ოდენობაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, მენიუში გათვალისწინებული არ არის სადილის ენერგეტიკული ღირებულება, ბენეფიციართა ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, რელიგიური მრწამსი.
- საკვები მენიუს შედგენაში არ არიან ჩართული შესაბამისი სპეციალისტები. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც კვების მენიუს ადგენს ბუღალტერი და არა შესაბამისი დარგის სპეციალისტი.
- უმრავლეს შემთხვევაში, მენიუ მთელი წლის განმავლობაში არ იცვლება.
„საგულისხმოა შემთხვევები, განსაკუთრებით თბილისში, როცა ბენეფიციარები სასადილოებიდან იღებენ მხოლოდ პურს. კერძოდ, თბილისის სასადილოებში კონკრეტულ დღეებში, როდესაც მენიუში მხოლოდ წვნიანებია (ბარდის წვნიანი, ლობიოს წვნიანი, ვეგეტარიანული ბორში) ბენეფიციარებს სასადილოდან გააქვთ მხოლოდ პური. ეს შეიძლება აიხსნას, როგორც ბენეფიციართა მიერ საკვების გემოვნური თვისებების დაწუნებით, ასევე, კალორაჟის სიმცირით. მენიუში კვირის განმავლობაში მხოლოდ ორი დღეა გათვალისწინებული ნოყიერი კერძი ხორცით, შესაბამისად ბენეფიციარების მოთხოვნა ამ დღეებში უფრო იზრდება. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ სასადილოში აკრძალულია მხოლოდ პურის გატანა“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
სახალხო დამცველის შეფასებით, სასადილოებზე გამოყოფილი თანხის ოდენობის სიმცირე განსაკუთრებით თვალშისაცემია თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში,
„თითო ბენეფიციარზე გამოყოფილი თანხა 1 ლარსა და 30 თეთრს შეადგენს, რაც ნაკლებია რეგიონებში ერთ ბენეფიციარზე გათვლილ დღიურ ოდენობაზე. მაგალითად, ბორჯომში - 2.47 ლარია, ქუთაისში - 2.50 ლარი, ახალციხეში - 2.05 ლარი, სამტრედიაში - 2.20 ლარი, თელავში -2.65“, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, უფასო სასადილოები, როგორც წესი ადმინისტრაციულ ცენტრებშია განთავსებული და ზოგიერთ შემთხვევაში მომსახურების მისაღებად შორს მდებარე სოფელში მცხოვრებ ბენეფიციარებს დიდ მანძილზე უწევთ გადაადგილება: „მაგალითად, ბაღდათის მუნიციპალიტეტში ყველაზე შორს მდებარე სოფელში მცხოვრებ ბენეფიციარს დაახლოებით 30 კმ გავლა უწევს ყოველდღიურად, რათა ისარგებლოს უფასო სასადილოს მომსახურებით, ხოლო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მცხოვრებს - 15 კმ-ის“.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ უფასო სასადილოს ბენეფიციარების ძირითად სიებთან ერთად, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში არ აქვთ დამატებითი სიები. შესაბამისად, მომლოდინე პირებს მუნიციპალიტეტი განუმარტავს, რომ უფასო სასადილოთი სარგებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ ძირითადი სიიდან პირი გარდაცვალების, ან სხვა მიზეზით ამოირიცხება.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ზოგიერთი სასადილოს შესასვლელში არ არის პანდუსი და შენობაში შეღწევა მხოლოდ კიბეებითაა შესაძლებელი. ასევე, იკვეთება ტენდენცია, რომ თითქმის ყველა შესასვლელში, მათ შორის იქაც, სადაც პანდუსია, გვხვდება ზღურბლი, რაც ეტლით მოსარგებლე პირის დამოუკიდებლად გადაადგილებას აბრკოლებს.
სახალხო დამცველი ადგილობრივ თვითმმართველობებს რიგი რეკომენდაციებით მიმართავს, მათ შორის, შეიმუშაონ უფასო სასადილოების პროგრამის ბენეფიციარებისთვის კუთვნილი საკვების (ულუფის) შინ მიტანის სერვისით სარგებლობის მკაფიოდ განსაზღვრული კრიტერიუმები და უფასო სასადილოების მენიუს შედგენა მოხდეს იმგვარად, რომ მასში გათვალისწინებულ იქნას სადილის კალორაჟი, ენერგეტიკული ღირებულება, ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, რელიგიური მრწამსი, მხედველობაში იქნას მიღებული სეზონურობა. ასევე, უზრუნველყონ სანიტარული კვანძების კეთილმოწყობა, ადაპტირება, მათი გამართულად ფუნქციონირება და პრივატულობის დაცვა.